მერმე თქვა მდიდარმა: "დაგველაპარაკე წყალობის გაღებაზე".
და მიუგო მან:
თქვენ გასცემთ მხოლოდ მცირედს, როცა გასცემთ თქვენი გონებიდან.
ხოლო გასცემთ ჭეშმარიტად, როცა გასცემთ თქვენივე არსიდან.
რა არის თქვენი გონება, თუ არა ნივთები, რომელთაც ინახავთ და დაჰკანკალებთ შიშით, რომ ეგებ ხვალ დაგჭირდეთ. ხვალე კი... რას უქადის ხვალინდელი დღე გეშიან ძაღლს, რომელიც წმინდა ქალაქის მომლოცველებს ასდევნებია და უკანაგზობისთვის ქვიშაში მალავს ძვალს, ქვიშა კი ნაკვალევს შლის. და რა არის გაღატაკების შიში, ეს ხომ თვით არის სიღატაკე. ჭა რომ სავსეა და მაინც წყურვილის შიშით ხართ ატანილნი, განა სწორედ ეს არაა დაუოკებელი წყურვილი?! ზოგნი გაიღებენ მრავლისაგან მცირედს. და გაიღებენ, რათა სახელი მოიხვეჭონ. და ეს ფარული სურვილი მადლს უკარგავს მათ წყალობას. არიან ისეთნიც, რომელთაც ცოტა რამ მოეპოვებათ და გასცემენ მთლიანად. ამათ აქვთ რწმენა სიცოცხლისა, რწმენა სიცოცხლის სიუხვისა, და ამათი კიდობანი არ დაცარიელდება.
ზოგნი გასცემენ სიხარულით და სწორედ ეს სიხარულია საზღაური მათი. ზოგნი ისე გასცემენ, არც ტკივილი იციან, არც სიხარულს ეძიებენ, არც სიქველეზე ფიქრობენ. აგერ, მინდორში, მირტი რომ აფრქვევს სურნელებას, ასე გასცემენ ისინი. ასეთ ადამიანთა ხელებით გვესაუბრება უფალი ღმერთი და ამათი თვალებით უღიმის დედამიწას.
კარგია, მოწყალებას თუ გაიღებთ, როცა გთხოვენ. მაგტამ უმჯობესია, თუ გასცემთ უთხოვნელად, ადამიანს გუმანით თუ მიუხვდებით გასაჭირს. ხელგაშლილებს წყალობის მომლოდინეთა მიგნება უფრო ახარებს, ვიდრე თვით გაცემა. ღირს კი რაიმეს დაუნჯება? ყველაფერი, რაც გაბადიათ, ერთ მშვენიერ დღეს ხომ მაინც უნდა დათმოთ? ამიტომ გადაეცით ახლა, რაღა თქვენი იყოს ჯამი მონაგებთა გაცემისა და არა თქვენთა შთამომავალთა.
ამბობთ ხოლმე: "მივცემდი, ოღონდ მხოლოდ ღირსეულს". ასე არ ჩურჩულებენ ხეები თქვენს ხეხილის ბაღებში, არც ცხვარი პეტელებს ასე თქვენს საძოვრებზე. ისინი გასცემენ, რათა იცოცხლონ, რადგან შენახვა დამღუპველია. ვისაც ღვთისგან ებოძა თავისი დღეები და ღამეები, ჭეშმარიტად ღირსია, რომ ყოველივე დანარჩენი მიიღოს თქვენგან.
ვინც ღირსი გახდა დასწაფებოდა სიცოცხლის ოკეანეს, იგი იმის ღირსიცაა, რომ თასი შეივსოს თქვენი პატარა ნაკადულიდან. საბოძვრის მიღება თამამად, ნდობითა და სათნოებით განა უდიდესი ღირსება არაა?! ვინა ხართ თქვენ, რომ ადამიანებმა მკერდი მოიღეღონ, სიამაყის საბურველი შემოიძარცვონ და თქვენ ჭინაშე წარმოდგნენ ღირსებაშელახულნი და პატივაყრილნი? ჯერ დაფიქრდით, თავად თქვენ თუ ხართ ღირსნი, რომ გასცეთ საბოძვარი, თუ დაიმსახურეთ, იყოთ იარაღი წყალობისა. რამეთუ სინამდვილეში სიცოცხლე უბოძებს სიცოცხლეს. თქვენ კი მწყალობლად მიგაჩნიათ თავი, თუმცა ოდენ მოწმე ხართ წყალობისა.
და თქვენ, მოწყალების მიმღებნო (არადა, თქვენ ხომ ყველას გეძლევათ წყალობა), მადლიერებით თავს ნუ დაიმძიმებთ, ნუ დაიდგამთ უღელს და ნურც წყალობის გამღებს დაადგამთ მას. გიჯობთ, მბოძებელთან ერთად ამაღლდეთ მისი საბოძვრით, როგორც ფრთებით. თავი თუ მეტისმეტად დავალებულად მიიჩნიეთ, ჩანს, ეჭვი შეგეპარათ იმის დიდსულოვნებაში, რომლის დედაა უხვი მიწა, ხოლო მამაა უფალი ღმერთი".
Comments